
დღეს, 3 სექტემბერს “სსაუ თბილისი” ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) თასის გათამაშების პირველ ეტაპზე სათამაშოდ ისრაელში მიემგზავრება. თბილისელები რიშონ ლე ციონის “ჰაპოელს” 5 და 6 სექტემბერს შეხვდებიან, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი მეორე ეტაპზე გავა. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ქართული გუნდი ორივე თამაშს ისრაელში გამართავს, რაც ებრაელებს დიდ უპირატესობას აძლევს.
გასულ სეზონში “სსაუ თბილისი” EHF-ს თასის პირველ ეტაპზე კვიპროსის გუნდ “კურუში პროოდევტიკოსს” შეხვდა და პაფოსში ჩატრებული მატჩები ჯამში 65:55 მოიგო, შემდეგ კი ლისაბონის “ბენფიკასთან” თამაშებში 46:63 დამარცხდა.
მომავალი ტურნირისთვის თბილისელებს 5 მოთამაშე დაემატათ. ირაკლი ღაღანიძე გუნდში ადრეც თამაშობდა, ბოლოს კი საბერძნეთის ერთ-ერთი გუნდის ღირსებას იცავდა. “სსაუ თბილისს” შემოუერთდა აკაკი ტალახაძეც, რომელიც ბოლოს ირანში თამაშობდა. თბილისელებს ევროტურნირზე 4 ახალგაზრდა ხელბურთელიც შეეშველებათ – ჯუმბერ ხუნჯუა, ლექსო წითელაშვილი (საქართველოს 18-წლამდე ნაკრების კაპიტანი) და გიგა კიკნაძე.

იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ქართველი ხელბურთელები ლატვიელებს დაუპირისპირდნენ. როგორც უკვე გაცნობეთ, ამ დონის შეჯიბრებებზე ეს გუნდები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 1999 წელს ქართველებმა ორივე მატჩი მოიგეს, სამი წლის წინათ კი მსგავს წარმატებას ბალტიისპირელებმა მიაღწიეს. მასპინძლები რევანშის წყურვილით გავიდნენ სარბიელზე, მაგრამ პირველი წუთებიდანვე მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით წავიდნენ (11:11). მეორე ტაიმის ოცი წუთის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ, თუმცა დიდი სხვაობით დაწინაურება ვერც მათ მოახერხეს. საფინალო სასტვენამდე ათი წამით ადრე ტაბლოზე ორი 21 ენთო. სწორედ ამ დროს შოთა თევზაძემ მოიგერია ბურთი, რომელსაც მისი თანაგუნდელები დაეუფლნენ და ელვისებურ იერიშზე გადავიდნენ, მაგრამ არბიტრებმა შეტევისას მოულოდნელად ვლადიმერ რუსია დააჯარიმეს. ლატვიელებმა დარჩენილ ხუთ წამში ბურთის გათამაშება და გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხეს.

12 ივნისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ქართველმა ხელბურთელებმა ლატვიის ნაკრებთან 21:22 წააგეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს. მერაბ მეტრეველის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი დათმო. 11 ივნისს ნაკრები იტალიასთან, რომელიც ჯგუფის ფავაორიტად გამოიკვეთა 25:30 დამარცხდა.
დღესვე იტალიელებმა დაძაბულ პაექრობაში ერთი ბურთით აჯობეს ფინელებს და ფაქტობრივად გაინაღდეს მომდევნო ეტაპზე გასვლა. 13 ივნისს საქართველოს ნაკრები ფინელებს დაუპირისპირდება და რევანშის აღებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა იანვარში სკანდინავიელებთან “ჩელენჯ-ტროფის” ფინალი დათმო. იტალიელები კი ლატვიასთან მესამე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პირველი საკლვალიფიკაციო მატჩები გაიმართა.
ტურნირი ფინეთისა და ლატვიის ნაკრებმა გუნდებმა გახსნეს. თამაში ნელ ტემპში დაიწყო, თითქმის 8 წუთი ისე გავიდა გოლი არ გასულა, თუმცა რამდენიმეჯერ ამის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. იმედი რომ გადაწურული იყო 7:30 წუთზე ლატვიელმა აივის იურდისმა მოახერხა ანგარიშის გახსნა 1:0, მას რამდენიმე წამში ანდრეას რიონბერგმა მიბაძა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდი მთელი 30 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე, უღიმღამოდ თამაშობდა. ანგარიშში სხვაობა 1-2 ბურთით თუ შეიცვლებოდა, ან ფრე ფიქსირდებოდა.
მეორე ტაიმი ორივე გუნდმა შედარებით აქტიურად დაიწყო თუმცა თამაშის რიტმი არ დაურღვევიათ და 15 წუთის გასვლის შემდეგ კიდევ 9-9 ბურთი გაიტანეს, ამის შემდეგ ანგარიში ისევ ფრე 20-20 გახდა, მაგრამ ფინელებმა მაინც იმარჯვეს და მატჩი მათი გამარჯვებით 26:24 დასრულდა.

11 ივნისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი სპორტის სასახლეში იტალიის ნაკრებთან გამართა და 25:30 წააგო. ევროპირველობის პირველ შესარჩევ ეტაპს სპორტის სასახლე მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად იტალიის, ლატვიის და ფინეთის ნაკრებები ჰყავს.
მერაბ მეტრეველის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და იგებდა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში იტალიელებმა 6 ბურთით გაქცევა შეძლეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბოლო წუთებზე ქართველი ხელბურთელების მცდელობის მიუხედავად მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოხერხდა. ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე გამორჩეული ვლადიმერ რუსია იყო, რომელმაც 8 ბურთი გაიტანა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ფინეთის ნაკრებმა ლატვიას 26:24 მოუგო. 12 ივნისს საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება, იტალიელები კი ფინელებთან ითამაშებენ.

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები 11 ივნისიდან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება: სამი დღის განმავლობაში მერაბ მეტრეველის შეგირდები სპორტის სასახლეში იტალიის, ლატვიისა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს უმასპინძლებენ.
ჩვენი ბიჭები ოფიციალური მატჩებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში გადიან წვრთნას, ჯერჯერობით ” არასრული შემადგენლობით. დღეს თანაგუნდელებს სლოვენიასა და მაკედონიაში მოთამაშე სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია შეუერთდებიან.
მზადების პროცესში ქართველმა ხელბურთელებმა სპარინგპარტნიორებად აზერბაიჯანელ კოლეგებს უხმეს. პირველი მატჩი მასპინძლებმა 40:26 მოიგეს, გუშინ კი მეტოქე 36:25 დაამარცხეს. ორივე პაექრობა ჩვენმა გუნდმა, ფაქტობრივად, ერთი და იმავე შემადგენლობით გამართა. გუშინდელ შეხვედრაში ჩვენებურთაგან მოედანზე იყვნენ გიორგი სამყურაშვილი, გიგა ტორონჯაძე, შოთა თევზაძე, ზურაბ მელქოშვილი (4 გოლი გაიტანა), ამირან ყიფიანი (3), შოთა გრიშიკაშვილი (3), ირაკლი ღაღანიძე (1), ირაკლი ჩიქოვანი (1), ვლადიმერ რუსია (2), სერგეი კირილოვი (1), აკაკი ტალახაძე (3), რატი მსხვილიძე (2), მამია კობახიძე (8), უჩა მაისურაძე (3), ილია გოგალაძე (3) და ივანე ქარდავა (2).

სულ რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი ბიჭების დიდი და გადამწყვეტი ბრძოლების დაწყებამდე. 11 ივნისს ევროპის შესარჩევის მატჩები იწყება თბილისში, სპორტის სასახლეში. ჩვენ საკმაოდ ძლიერი ჯგუფი გვხვდა წილად. მაგრამ ჩვენი ბიჭების შემართებით და გულშემატკივრის მხარდაჯერით მოვახერხებთ მოწინააღმდეგის დაძლევას, ყველა უნდა მივიდეთ სპორტის სასახლეში და ერთად შევძახოთ ხმამაღლა საქართველო, რომ ქართველებს მხარში ამოვუდგეთ და ვინც მოედანზე იქნება იგრძნოს თავისი ერის მხარდაჭერა. ეროვნული შეკრებას გადის ახლა და ძალიან მონდომებულები არიან, მართალია დიდი ხანი არ გვქონია მომზადებისთვის დრო, მაგრამ ყველა იმედითაა. 7-8 ივნისს საკონტროლო მატჩები გაიმართება აზერბაიჯანთან. ქართველებო ნამდვილად დროა ყველა ერთად დავდგეთ და ღირსეულად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისე, როგორც ქართველებს გვეკადრება.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, ევროპის 2012 წლის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე, 7-8 ივნისს, აზერბაიჯანის ნაკრებთან სპარინგ-მატჩები გამართა. ორივე შეხვედრა ქართველმა ხელბურთელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. მერაბ მეტრეველის შეგირდებმა, პირველ დღეს 40:25 გაანადგურეს მეტოქე, ხოლო გუშინ 36:25 გაიმარჯვეს.
“მსოფლიო სპორტმა”, ევროპირველობის წინ, ინტერვიუ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მერაბ მეტრეველს სთხოვა.
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირამდე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეთ. რა დატვირთვა ჰქონდა ამ მატჩებს?
- იმის გამო, რომ ძალზე სუსტი მოწინააღმდეგე გვყავდა, გუნდი ორ ნაწილად გავყავით. პირველ შეხვედრაში პირველმა შემადგენლობამ ითამაშა, ხოლო მომდევნოში – სათადარიგოებმა. ორივე გუნდს სხვადასხვა დავალება ჰქონდა – უწინარესად, რაც შეიძლება ნაკლები ბურთი უნდა გაგვეშვა და სწრაფ კონტრშეტევებზე გვეთამაშა. დავალებას ყველამ კარგად გაართვა თავი.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ოფიციალური მატჩების წინ მერაბ მეტრეველის გუნდი ამხანაგურ მატჩებს მართავს.
7 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლეს და 40:26 მოუგეს.
8 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანის შეხვედრა 18:00 საათზე იმავე მოედანზე გაიმართება. ნაკრების შემადგენლობა ჯერ ოპტიმალური არ არის. 9 ივნისს გუნდს სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია გააძლიერებენ.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მატჩები 11-13 ივნისს სპორტის სასახლეში გაიმართება. საქართველო 11-ში იტალიას, 12-ში ლატვიას, ხოლო 13-ში ფინეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების წევრი რევაზ ჭანტურია ბოლო პერიოდში სკოპიეს “მეტალურგიდან”მაკედონიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის აუტსაიდერ “ზლატენლადში” იყო გ ანათხოვრებული და ამ გუნდს დიდი დახმარებაც გაუწია. ” ზლატენლადი” პლეიოფის გადამწყვეტ მატჩში ქვედა ლიგის მეორე ადგილოსანს შეხვდა და 37:32 გაიმარჯვა. ჭანტურიამ თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან მეტოქის კარი 14-ჯერ დალაშქრა.
ეს მისი ბოლო მატჩი იყო “ზლატენლადის” შემადგენლობაში. რეზო ახალი გუნდის ძიებაშია. მისი დამატება სკოპიეს “ვარდარს” სურს, მაგრამ ჭანტურიას უკეთესი ვარიანტიც აქვს ფრანგული “ლიონი”, სადაც სანაკრებო მატჩების შემდეგ სინჯებზე გაემგზავრება და დიდია ალბათობა, იქვე და რჩეს კიდეც.
სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თბილისში გასამართ ოფიციალურ სანაკრებო მატჩებს ასეთ კარგ ფორმაში ხვდება. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის უკვე ემზადება, რეზო გუნდს 9 ივნისს შეუერთდება.