ტესტმატჩები ხუთიანზე
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები 11 ივნისიდან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება: სამი დღის განმავლობაში მერაბ მეტრეველის შეგირდები სპორტის სასახლეში იტალიის, ლატვიისა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს უმასპინძლებენ.
ჩვენი ბიჭები ოფიციალური მატჩებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში გადიან წვრთნას, ჯერჯერობით ” არასრული შემადგენლობით. დღეს თანაგუნდელებს სლოვენიასა და მაკედონიაში მოთამაშე სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია შეუერთდებიან.
მზადების პროცესში ქართველმა ხელბურთელებმა სპარინგპარტნიორებად აზერბაიჯანელ კოლეგებს უხმეს. პირველი მატჩი მასპინძლებმა 40:26 მოიგეს, გუშინ კი მეტოქე 36:25 დაამარცხეს. ორივე პაექრობა ჩვენმა გუნდმა, ფაქტობრივად, ერთი და იმავე შემადგენლობით გამართა. გუშინდელ შეხვედრაში ჩვენებურთაგან მოედანზე იყვნენ გიორგი სამყურაშვილი, გიგა ტორონჯაძე, შოთა თევზაძე, ზურაბ მელქოშვილი (4 გოლი გაიტანა), ამირან ყიფიანი (3), შოთა გრიშიკაშვილი (3), ირაკლი ღაღანიძე (1), ირაკლი ჩიქოვანი (1), ვლადიმერ რუსია (2), სერგეი კირილოვი (1), აკაკი ტალახაძე (3), რატი მსხვილიძე (2), მამია კობახიძე (8), უჩა მაისურაძე (3), ილია გოგალაძე (3) და ივანე ქარდავა (2).








