ქართველმა ხელბურთელებმა წაგებით დაიწყეს
თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პირველი საკლვალიფიკაციო მატჩები გაიმართა.
ტურნირი ფინეთისა და ლატვიის ნაკრებმა გუნდებმა გახსნეს. თამაში ნელ ტემპში დაიწყო, თითქმის 8 წუთი ისე გავიდა გოლი არ გასულა, თუმცა რამდენიმეჯერ ამის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. იმედი რომ გადაწურული იყო 7:30 წუთზე ლატვიელმა აივის იურდისმა მოახერხა ანგარიშის გახსნა 1:0, მას რამდენიმე წამში ანდრეას რიონბერგმა მიბაძა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდი მთელი 30 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე, უღიმღამოდ თამაშობდა. ანგარიშში სხვაობა 1-2 ბურთით თუ შეიცვლებოდა, ან ფრე ფიქსირდებოდა.
მეორე ტაიმი ორივე გუნდმა შედარებით აქტიურად დაიწყო თუმცა თამაშის რიტმი არ დაურღვევიათ და 15 წუთის გასვლის შემდეგ კიდევ 9-9 ბურთი გაიტანეს, ამის შემდეგ ანგარიში ისევ ფრე 20-20 გახდა, მაგრამ ფინელებმა მაინც იმარჯვეს და მატჩი მათი გამარჯვებით 26:24 დასრულდა.
ფინელებიდან ყველაზე მეტი 6-6 ბურთი ვილე ვილიანენომ და ანდრეას რიონბერგმა გაიტანეს, ხოლო ლატვიელებიდან 5 ბურთი აივის იურდისმა ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. აღსანიშნავია ფინელთა მეკარის ტომ კურპაას თამაში. ის არაჩვეულებრივად იგერიებდა ბურთებს და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში.
ყველაზე დიდ ინტერესს საქართველოსა და იტალიის დაპირისპირება იწვევდა. ქართველთა საგულშემატკივროდ არც თუ ცოტა გულშემატკივარი შეგროვდა. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული მატჩი ფეხბურთის მსოფლიოს |ჩემპიონატის გახსნას დაემთხვა სიმცირეს არც სამთავრობო ლოჟა განიცდიდა. სხვებთან ერთად მატჩის სანახავად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური, მისი მოადგილე გია გალდავა, მერიის სპორტის სამსახურის უფროსი, ასევე მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავა და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.
ეროვნული ჰიმნის მოსმენის შემდეგ მატჩი სწრაფი შეტევით დაიწყო. ანგარიში რევაზ ჭანტურიამ გახსნა 1:0, მაგრამ მას არც მიკელე სკატარი ჩამორჩა და ზედიზედ 2 გატანილი გოლით გუნდი დააწინაურა, თუმცა სერგო დათუკიშვილმა შეძლო გათანაბრება 2:2. ქართველ სპორტსმენებს არც შემდგომ შეუწყვეტიათ აქტიურობა და 15 წუთის გასვლის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 7:5 დაფიქსირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ იტალია ხელწამოსაკრავი გუნდი არ აღმოჩნდა. აპენინელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და პირველი ნახევარი ფრედ 10-10 დასრულდა.
საწყისი ტაიმის მიწურულს ქართველ სპორსმენებს დაღლა დაეტყოთ რაც მეორე ნახევარში უფრო მკვეთრად გამოჩნდა. მართალია, პირველი გოლი დაწყებისთანავე ვლადიმერ რუსიამ გაიტანა და ანგარიში 11:10 გახდა, მაგრამ ამის შედეგ შეწყდა ჩვენების აღმასვლა და იტალიელების ჯერიც დადგა. მეორე ნახევარში მათ შანსი აღარ დაუტოვეს ქართველებს და შეხვედრაც 30:25 მოიგეს.
ქართველთაგან ყველაზე მეტი 8 გოლო ვლადიმერ რუსიამ გაიტანა, ხოლო აკაკი ტალახაძე გუნდს 5 ბურთით შეეწია. კარგად ითამაშა მეკარე შოთა თევზაძემ.
იტალიელთაგან საუკეთესო ჯანკარლო კოსტანზო (7), მიკელე სკატარი (6) და დემისე რადოვჩიჩი (6) იყვნენ.
გთავაზობთ 12 ივნისის შეხვედრათა განრიგს:
ფინეთი – იტალია 15:30
საქართველო – ლატვია 17:30
მაკა თოიძე









ზ. ბარათაშვილი
ძალიან მეწყინა, იმედია დანარჩენ თამაშებს მოვიგებთ !!!
12 ივნისი, 2010 at 03:28